воскресенье, 6 июня 2010 г.

ეკლესიიის დამოკიდებულება უცხოპლანეტელებზე


აღიარებს თუ არა ეკლესია უცხოპლანეტელების არსებობას


ადამიანს აინტერესებს, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაც უკიდეგანო სამყაროში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მუშაობენ გასაიდუმლოებული კვლევითი ცენტრები, რომლებიც ამოუცნობ მოვლენებს სწავლობენ. დრო და დრო ვრცელდება ხმები, ზოგჯერ მეცნიერულად დასაბუთებულიც, უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების დამყარების თაობაზე... ეს ინფორმაციები ეწინააღმდეგება ბიბლიურ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას უცხოპლანეტელთა არსებობს თეორიის მიმართ, ამის შესახებ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამა გიორგი, როგორ უყურებს და აფასებს ეკლესია უცხო ცივილიზაციების და უცხოპლანეტელთა არსებობის თეორიებს?

– წმინდა წერილში არაფერი არის იმაზე ნათქვამი, რომ არსებობს კიდევ სადმე ცივილიზაცია, თუმცა ძალიან ბევრი არის იმაზე ნათქვამი, რომ ღმერთმა შექმნა ყოველი არარაისგან და ღმერთმა ყოველივე არაყოფიერიდან ყოფიერში მოიყვანა. ისიც კი არის ნათქვამი, რომ დედამიწა მრგვალია, ციური სხეულები არსებობენ, არსებობს ოთხი სტიქია და ა.შ. წმინდა წერილის წარმოდგენა სამყაროზე ანთროპოცენტრულია, ანუ, ამ გაგებით, ადამიანი დგას ქმნილების ცენტრში. თეოცენტრულიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს ცენტრში ღმერთი დგას.

სხვა ცივილიზაციების არსებობის შესახებ არსად არაფერია ნათქვამი, თუმცაღა არსებობს ამ ბოლო დროს უამრავი მონაცემი და მთელი ენციკლოპედიებიც კი არის გამოქვეყნებული თავისი დასურათებით ამა თუ იმ გამოსახულებების. მაგრამ რეალური შეხვედრა–კონტაქტი, მეცნიერული დამადასტურებელი საბუთები რეალურად არ არსებობს. თუმცაღა მკითხავთ თქვენ, განა არ შეიძლება ამხელა სამყაროში და ამხელა მეტაგალაქტიკაში იყოს ალბათობა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე ცივილიზაცია, ადამიანის მსგავსი თუ არა, სხვა რაიმე გონის მატარებელი. ამის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ თითქმის ნულს უდრის.

იმდენად უნიკალურია დედამიწის მდგომარეობა მზის მიმართ, ანუ იმდენად უნიკალურია დედამიწის ატმოსფეროს გაზავება ჰაერთან, სითბოსთან და ყველა ოთხ სტიქიასთან, იმდენად უნიკალურია დაშორება მზიდან, რომ ცოტათი უფრო ახლოსაც რომ ვყოფილიყავით მზესთან, დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა, ცოტათი უფრო შორსაც სიცოცხლე არ იარსებებდა და ცოტათი უფრო ჩქარა რომ ბრუნავდეს დედამიწა, არ ვიარსებებდით. აი, რამდენად უნიკალურია ღვთის მიერ მოცემული ქმნული სამყარო, რომელიც ბიბლიის შესაქმეში გვაქვს მოცემული. მაგრამ, ვიმეორებ, არსებობს პარადოქსული მონაცემები, რომლებიც არათუ უცხო გონის არსებობას, არამედ მათ ფოტოებსა და მათთან კავშირის შედეგად მიღებულ ინფორმაციებსაც კი აქვეყნებენ. მაშინ რას ვიტყვით ამაზე? ვიტყოდი, რომ ამას მეცნიერებაც ძალიან ეჭვის თვალით უდგება. ანუ, თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით, სამყაროში არსებობს შავი ხვრელები, რომლებიც ე.წ. უმოკლესი მანძილებია სამყაროს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადასასვლელად. გადაადგილების უსწრაფესი და უმოკლესი საშუალებებია უსასრულო სამყაროში.

აინშტაინმა თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები, 1905 წლის შემდეგ, მოახმარა მიკროკოსმოსისა და მიკროსამყაროს კვლევას და ფართობითობის ზოგადი თეორიის შექმნას, რაც სამყაროში ერთიანი ველის თეორიის შექმნას გულისხმობს. მან ვერ გაართვა თავი ბოლომდე ამ ამოცანას და, საბედნიეროდ, იგი საბოლოოდ ღმერთის არსებობამდე მივიდა. შეიძლება ცხოვრებით არ აღიარებდა ღმერთს, მაგრამ კოსმოლოგიური ანალიზის შედეგად უამრავი მეცნიერი, მათ შორის აინშტაინი, მივიდა შემოქმედის არსებობის იდეამდე, ანუ სამყაროში ყველაფერი ღმერთზე მეტყველებს. ამიტომ ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს არა მარტო რელიგია, არამედ მეცნიერებაც სამყაროში სხვა ცივილიზაციის არსებობას.

სერაფიმ როუზს, რომელიც არის თანამედროვე ღვთისმეტყველი მართლმადიდებელი, სპეციალური გამოკვლევაც აქვს ახალი რელიგიების შესახებ, რომლებიც სექტებისა და ოკულტური მიმდინარეობის ანალიზს ეხება. ამ მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირებულია პარანორმალური, ანომალიური მოვლენების სახით, მამა სერაფიმე აღიქვამს, როგორც ბოროტი ძალების მანქანებს, ანუ გარკვეული დემონური არსებების კლასიფიკაციას მიაკუთვნებს ამ მწვანე პატარა, ადამიანების მსგავს არსებებს, რომლებიც ხშირად კონტაქტში შედიან ადამიანებთან.

იწერება ბესტსელერები, ცდუნებული, ოკულტისტური მიდრეკილებების ხალხი აქვეყნებს სხვადასხვა მაგიურ, ოკულტურ წიგნებს. არიან მედიუმები, რომლებიც შედიან ბოროტ ძალებთან კონტაქტში და იღებენ ინფორმაციას ვითომდა თანამედროვე მეცნიერების გასამდიდრებლად. ვითომ არსებობს ცხოვრება სხვა პლანეტებზე, სხვა გალაქტიკებში და ამ წიგნებით დიდი ფული კეთდება. უკვე იქამდეც კი მიდიან, რომ სპეციალური უფოლოგიური სექტებიც შეიქმნა, რომლებიც არამარტო უცხოპლანეტელების არსებობას აღიარებენ, არამედ თვლიან, რომ დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ ჩამოტანილი ცივილიზაციაა, რომ ჩვენ თვითონ უცხოპლანეტელების ნაშიერები ვართ. შეიქმნა სპეციალური უცხოპლანეტელების დამკვირვებელთა ჯგუფებიც და ამბობენ და "გვაფრთხილებენ", რომ, თუ ადამიანები არ მოეგებიან გონს და ერთმანეთის ხოცვას და ბირთვული იარაღის შექმნა–გამრავლებას არ შეწყვეტენ, ეს ცივილიზაცია თავის თავს ამოწურავს. ტექსტებიც კი არის გამოქვეყნებული გაურკვეველი რადიოსადგურებიდან, საიდანაც ვრცელდებოდა ასეთი მიმართვები. უცებ ირთვებოდა რაღაც რადიოსადგური, რომელიც ვერსად ფიქსირდებოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით. ეს არის სუფთა დემონური, მაცდური აზრები, მეცნიერულ ფუთაში შეფუთული, რომ ადამიანებმა უფრო ადვილად მიიღონ.

– მამაო, იქნებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საერთოდ პარალელურ სამყაროში არსებული ცივილიზაციების შესახებ. არის ვარაუდი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ გააქრეს ინფორმაცია, რომელშიც იყო ნახსენები მათი არსებობის შესახებ.

– არსებობს ასეთი გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური ობიექტების წარმოშობას ვერ ხსნიან. ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული. ვერ ხსნიან ბევრ მოვლენას, დაწყებული პირამიდების აშენებით, დამთავრებული მდელოებზე უზარმაზარი ფიგურებით. თვლიან, რომ ეს აეროდრომები იყო, რომლებზეც სხდებოდნენ უცხოპლანეტელები, რადგანაც ეს აშენებულია არაადამიანური ტექნოლოგიებით, ჩვენთვის მიუღწეველი ტექნიკით. ეს იმდენად ჰიპოთეტურია, რომ ამის დაჯერება ასე შიშვლად არ შეიძლება.

ასევე არსებობს გარკვეული აუდიო–ვიდეომასალა, სადაც არის დაფიქსირებული ფოტოები და ადგილები, სადაც მოხდა კატასტროფა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის. გამოქვეყნებულია მასალები ამა თუ იმ ქვეყნის უშიშროების სამსახურების მიერ, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამთავრებული საბჭოთა კავშირითა და სხვა ქვეყნებით, როგორ იქნა მიჩქმალული მათ სამხედრო ბაზებზე უფოლოგიური ფაქტების არსებობა. ჰიტლერის დროს იყო მცდელობა, გაეკეთებინათ მფრინავი თეფშის მსგავსი ობიექტი, რომელიც გაკეთებულიც იქნა და მისი ფოტოც არსებობს.

ჰიპოთეზების დონეზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. რეალური, ხელჩასაჭიდი ფაქტები, რომლებიც უშუალოდ დაგვიდასტურებდა ყოველგვარი მიკიბვმოკიბვისა და მისტიციზმის გარეშე მათ არსებობას, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად პარადოქსული მასალისა, რაც ჩვენ გვაქვს, მაინც არ და ვერ შეგვიძლია დავუშვათ სხვა ცივილიზაციების არსებობა. აქ ხშირად უფრო მაგიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეალურ ფაქტებთან.

უბრალოდ პროექტი თუ რეალობა?!


პლანეტა მარსზე დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე – 24 საათი და 37 წუთი. იქაურ ზამთარში ტემპერატურა -120C-მდე ეცემა, ზაფხულში 0C-დან 130C-მდე მერყეობს.
საერთოდ მარსზე ცივა, ანუ ეს პლანეტა ცხოვრებისთვის არც თუ ისე “მყუდროა”. მაგრამ კაცობრიობას ძალუძს “გაათბოს” მარსი და მეტიც მისი ატმოსფერო სუნთქვისთვის მისაღები გახადოს. ამერიკელი ასტრონავტი, ინჟინერი და სპეციალისტი ბირთვულ ტექნოლოგიებში რობერტ ზუბრინი, რომელმაც მარსის საზოგადოება დააარსა, მარსის “ათვისების” იდეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტია. იგი ამტკიცებს, რომ “წითელი პლანეტის” ტერაფორმირება დაახლოებით 500-1000 წელში შესაძლებელია, ანუ ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე უწინ მეცნიერთა წრეში ითვლებოდა. რ. ზუბრინმა წარმოადგინა მარსის რეფორმაციის საკუთარი გეგმა. იგი პირველი ეტაპისთვის უპირატესობას ანიჭებს სასათბურე პირობებს და მის ხარჯზე მარსის ატმოსფეროს შეცვლას. თუმცა ამის გარდა მის პროექტში არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელიც კიდევ უფრო ზრდის ამ პროექტის მნიშვნელობასა და საკაცობრიო ღირებულებას.

• ორბიტალური სარკის აგება
ორბიტალური სარკის დიამეტრი იქნება დაახლოებით 120-140 კილომეტრი და იგი მარსი ზედაპირიდან 200 000 კილომეტრის სიმაღლეზე პლანეტის გარშემო იბრუნებს, მისი საშუალებით მარსს დამატებით სინათლე და სითბო მიეცემა (პირველ ეტაპზე შესაძლებელია მცირე მასშტაბის სარკის შექმნა).

• მარსის ასტეროიდებით “დაბომბვა”
იმისათვის, რომ თავდაპირველად მარსზე დამატებითი წყალისა გარკვეული მარაგი გაჩნდეს, მეცნიერთა აზრით საჭიროა პლანეტზე ყინულოვანი ასტეროიდების ხელოვნურად ჩამოყრა (დიამეტრი 2,5 კილომეტრი). “დაბომბვის” რეაქცია მარსის ზედაპირის ტემპერატურას სამი გრადუსით მაინც გაზრდის.

• აუტოთერმორეგულაცია
მარსის ასტეროიდებით “დაბომბვა” გამოიწვევს პლანეტის შუაგულში დაგროვილი გაზების გათავისუფლებას და ზედაპირზე ამოსვლას, რაც კიდევ უფრო გაათბობს მის საერთო ატმოსფეროს, ეს გამოიწვევს ყინულების დნობას და მარსის ამინდი რამდენადმე დაემსგავსება დედამიწის ამინდს.

• აირის გამომყოფი ქარხნების მშენებლობა
მარსზე აშენდება სპეციალური ქარხნები, რომლენიც გამოიყენებენ მზის ან ატომურ ენერგიას. ეს სათბურები დღე-ღამის განმავლობაში ატმოსფეროში გამოყოფენ უამრავ ტეტრაფტორმეთანს (ქიმიური, ინერტული აირი). მეცნიერების სურთ, რომ მარსზე გამოიყენონ დედამიწის გამოცდილება. “ჩვენი” ქარხნებისგან განსხვავებით, “მარსიანული” ქარხნები აირს არა როგორც მეორად წარმონაქმნს “გამოუშვებენ”, არამედ მისი ძირითადად “პროდუქცია” იქნება. ეს ყოვლივე კი მარსზე ტემპერატურას კიდევ უფრო გაზრდის (ზუბრინის აზრით ტემპერატურა დამატებით დაახლოებით ათი გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს). მთლიანობაში ორბიტალური სარკის აგება, მარსის ასტეროიდებით “დაბომბვა”, აუტოთერმორეგულაცია და აირის გამომყოფი ქარხნების მშენებლობა მარსზე ტემპერატურას ცხოვრებისთვის მისაღებს გახდის.

• მარსზე სათბურების მშენებლობა და მცენარეების გაზრდა (ფოტოსინთეზი)
2250 წლისთვის, ანუ ასი წლის შემდეგ, რაც მარსზე პირველი ტეტრაფტორმეთანის ქარხანა აშენდება, უკვე შესაძლებელი გახდება მარსზე სკაფანდრების დახმარებით გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ეკვატორთან ტემპერატურა + 32 გრადუსი იქნება, ადამიანებს მაინც დასჭირდებათ ჟანგბადის ბალონების გამოყენება. ამავე პერიოდში დაიწყება დახურული ტიპის სათბურების მშენებლობა, სადაც მოიყვანენ მცენარეებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. მცენარეებს გამოიყენებენ როგორც საკვებად, ისე ჟანგბადის გასამდიდრებლად.

• კოლონიზაციის განვითარება
ამ პროექტის დაწყებიდა ათასი წლის შემდეგ, ანუ დაახლოებით 3150 წლისთვის, როდესაც ყველა ძირითადი სამუშაო და საფრთხე უკან დარჩება, დაიწყება მარსის კოლონიზაცია. მარსის ტემპერატურა გაჯერებული იქნება იმდენი ჟანგბადით, რომ ადამიანებს უკვე სკაფანდრების გარეშე გადაადგილება შეეძლებათ. იქ უკვე გადატანილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, გაჩნდება მუდმივი დასახლებული პუნქტები და უფრო პროდუქტიულად და უსაფრთხოდ აითვისებენ მარსს, ვიდრე ეს დედამიწის შემთხვევაში მოხდა.

* * *
რაც დრო გადის რობერტ ზუბრნის იდეას უფრო მეტი მეცნიერი უჭერს მხარს, რადგან არც თუ ისე შორს არის დრო, როდესაც დედამიწაზე ამოიწურება სასარგებლო წიაღისეულის მარაგი (ნავთობი, ბუნებრივი აირის, ტორფი, ქვანახშირი), ადამიანთა რაოდენობა იზრდება და დედამიწას “უჭირს მათი გამოკვება”, ჩნდება ახალი საფრთხეები, ეს კი ზრდის სიცოცხლის ახალ პლანეტაზე გატანის მოთხოვნილებას. ძალიან მალე მარსიზე ცხოვრება მხოლოდ ფანტასტიკის სფერო აღარ იქნება.

მარსი (მზის სისტემის მე-4 პლანეტა)


მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი.

დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის.

2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს.


იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე.

2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.

გალაქტიკა (ზოგადი მიმოხილვა)


გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისო არის, მტვრის, და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკების დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% ამოუცნობ შავ მატერიებზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა, ესენია: ელიპტიკური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.



ირმის ნახტომი — ჩვენი გალაქტიკა

ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, წარმოადგენს დისკოვან სპირალურ გალაქტიკას, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკია (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.

ძალიან ცოტაა ისეთი გალაქტიკების რიცხვი რომლებიც სხვებისგან გამოყოფილია, ისინი ხშირად ჯგუფებად არიან დაყოფილი. ჯგუფში შეიძლება შედიოდეს დაახლოებით ორმოცდაათი გალაქტიკა. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმალობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიპტიკური გალაქტიკა.

პროგრამა "seti"



ცნობილ პროექტს "seti", რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების ძებნითაა დაკავებული 50 წელი შეუსრულდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით პროექტის შემქმნელებმა და გამომცემლობა penguin-მა გადაწყვიტეს ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნის მოსახლეობას საშუალება მისცეს გაუგზავნონ შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციებს, რომელიც 40 სიტყვისგან იქნება შედგენილი. ამისათვის საჭიროა თქვენ იყოთ 16 წელზე მეტი ხნის.
შეგახსენებთ, რომ 1960 წელს ფრენკ დრეიკმა დაიწყო რადიოსიგნალების მოსმენაიმ ვარსკვლავების მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დედამიწის ტიპის პლანეტების არსებობა.
აღსანიშნავია სიგნალი, რომელიც 15 აგვისტოს 1977 წელს იქნა მიღებული. მან მიიღო სახელწოდება WOW, სიტყვა რომელიც აღმოხდა განცვიფრებულ ოპერატორს და იქვე, თვითმიწერის ლენტაზევე მიეწერა.
ამის მერე სამწუხაროდ სიგნალი აღარ განმეორებულა. ის შეიძლება მიმღების საკუთარ "ხმაურს", ან რაიმე სხვა ელექტრო მოწყობილებას გამოეწვია.
მოსმენა ძირითადად 21 სმ დიაპაზონში წარმოებს. ამ დიაპაზონში ასხივებენ წყალბადის ატომებს, იგი სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია. მასზე დაკვირვებით ხდება სამყაროს შესწავლა.
პროექტის მთავარმა ავტორმა ასტრონომმა სეთ შოსტაკმა განაცხადა, რომ თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდება კომპიუტერების პროცესორების სიმძლავრის მატება, მაშიტ არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება 2025 წლისათვის აღმოვაჩინოთ.